ბიბის ისტორია

ბიბის ისტორია

ავტორი: ბიბი15 იანვარი, 2024

ჩემმა ადამიანმა მანქანაში ჩამსვა. არ მიყვარს მანქანა, ქანაობს და გული მერევა ხოლმე. ვცდილობ არაფერი გავაფუჭო. არ მინდა ჩემს ადამიანს ვაწყენინო.

უი, სადღაც გავჩერდით, ალბათ გემრიელობა უნდა მიყიდოს. მანქანის კარი გაიღო, მე ქვევით ჩამომსვეს. არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ჩემი ადამიანი ჩემთანაა, არაფრის მეშინია. ირგვლივ ბევრი მანქანა საშინლად დაქრის, მისი მსგავსი ორფეხებიც ბევრია, მაგრამ ჩემი ადამიანი განსაკუთრებულია და მიყვარს.

მანქანა დაიძრა. აქ ვარ, ჩემო ადამიანოოოოო, აქ ვარ, არ დამტოვო, მეშინია.

სირბილის ძალაც აღარ მაქვს და ჰორიზონტზეც ვეღარ გხედავ. სად წახვედი? მე ხომ პატარა ვარ, პატარა და უმწეო, შენზე დამოკიდებული.

ეს რა სიბნელე ჩამოწვა? უი, როგორ მშია! ნეტა წყურვილის მოკვლა სად შეიძლება?

ჩემი ადამიანი მობრუნდება, მე აქვე დაველოდები დიდი ხანი რომ არ მეძებოს.

გამარჯობა, თქვენც ჩემნაირები ხართ… არა? ბოდიში, არ ვეხები თქვენს ტერიტორიას. მე უბრალოდ მშია და მცივა, არაფერი დამიშავოთ, გთხოვთ.

ნეტავ როდის მოვა ჩემი ადამიანი...

ნაგვის ბუნკერში ქათმის ძვალი ვიპოვე, სანამ დანარჩენები მიხვდებოდნენ, რომ მათ ვახშამი მოვპარე. მე უმალ გადავყლაპე და ახლა კუჭი ძალიან მტკივა. თან როგორ ცივა! ნეტავ, სად შეიძლება დავიძინო?

ეი, ფრთხილად! ვერ ხედავ, რომ გზა მინდა გადავკვეთო? ფრთხილად იარე, ადამიანო, სად გეჩქარება?

აი აქ წამოვწვები, მგონი ქაღალდის ყუთია. ღამეს აქ გავათევ და რომ გათენდება, ჩემი ადამიანიც დაბრუნდება, სახლში წამიყვანს.

ჯოხის ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. მძინარე წამოვხტი და გავიქეცი. ორფეხა ადამიანი ჯოხის ტრიალით და ყვირილით მომდევს. ღამე მისი მაღაზიის ყუთში გამითევია.

აქ ძალიან მეშინია. ნეტა რა ვჭამო? ჩემი ადამიანი როდის მოვა?

ჩემნაირები ყვებოდნენ, ადამიანს ჩვენი თანამოძმე მდინარის პირას დაუტოვებია და მწოლიარეზე დიდი ლოდი დაუდვება, რომ ტკივილით და ტანჯვით მომკვდარიყო.

არა, მე არ მჯერა, რომ ორფეხა ადამიანები ბოროტები არიან. არ მინდა მჯეროდეს, რომ მათი სიყვარული ტყუილი და სიყალბეა, რომ მათ ვუყვარვართ მხოლოდ რაღაცისთვის და თუ კი არ დავჭირდებით, შეუძლიათ მოგვკლან კიდეც.

ჰო, ადამიანები ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ ბოროტები?!

ჩვენ ისინი უანგაროდ და უსასრულოდ გვიყვარს. ადამიანებს რატომ შეუძლიათ იყვნენ ბოროტები?!

ვიცი, ჩემი ადამიანი მომაკითხავს და სახლში წამიყვანს. ის ბოროტი არ არის.

თოვს, გავიყინე. არ ვიცი სად წავიდე, ძალიან მშია და მუცელი საშინლად მტკივა.

ფიფქები თვალებს მიბრმავებს, გზის გაგრძელება მიჭირს. ნეტავ, ჩემს ადამიანს ხომ არ ცივა? ხომ არ შია, ან ხომ არ მეძებს?

აქ ვაააააარრრრრ... უკან ვიხედები, არავინ ჩანს...

გაძლიერდა თოვამ, თათებს ვეღარ ვგრძნობ და სულ ერთიანად მაკანკალებს. შორს რაღაც შენობას ვხედავ. იქნებ თავი შევაფარო, იქნებ საკვებიც ვიპოვო. მოვიკრიბე უკანასკნელი ძალა და შენობისკენ გავრბივარ. დავეცი, ვეღარ ვუძლებ, ყველაფერი მტკივა, ისევ თოვს... როგორმე შენობასთან უნდა მივიდე. მხედველობა მიჭირს, თუმცა ეს ჩემი უკანასკნელი იმედია.

ვაშა, შენობამდე ათიოდე თათღია დარჩენილი... და აი აქ ვარ, კარებთან ვდგავარ, ველოდები. ვეღარ ვუძლებ. არავინ ჩანს.

გათოშილი თათებით დავაკაკუნე. კარი გაიღო და ჩემი ადამიანის მსგავსმა გამიღიმა. ხელში ამიყვანა, სახლში შემიყვანა და იქ თბილ ოთახში ძალიან ბევრი ჩემნაირი დამხვდა - მხიარულები და ლამაზები. მათ მითხრეს, რომ ძაღლების სასტუმროში მოვსულვარ. გავთბი, მაჭამეს და დაღლილს მალევე ჩამეძინა.

გათენებულა. კეთილმა ადამიანმა მითხრა, რომ მალე ჩემ წასაყვანად მოვლენ.

ნეტა მოვეწონები? კარგა ხანია ქუჩაში ვცხოვრობ, დაუბანელი ვარ, უმწეო და სუსტი. ეს მუცელიც როგორ მტკივა!

...გავიგონე, ექიმი ადამიანი ამბობს, რომ მშობიარობას ვერ გადავიტან და საკეისროა საჭირო. მერე არაფერი არ მახსოვს. გავიღვიძე, ფეხზე ვერ ვდგები, ოთხი პაწაწინა გამიჩენია. ძალიან პატარები და საყვარლები არიან...

უი, მხოლოდ ერთი?! ექიმს უთქვამს, უმწეონი დაიბადნენ და ვერ გადაიტანესო.

ჩემი ახალი კეთილი ადამიანიც მოვიდა. საკეისრო კვეთის შემდეგ ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გამაქანა. ცუდი ვირუსი აღმომაჩნდა, დარჩენილ ერთ შვილსაც ვერ ვაჭამე რძე და ისიც გამიფრინდა ცისარტყელაზე.

ავადმყოფობას დიდხანს ვებრძოლე... დავამარცხე, ახლა კარგად ვარ...

ახალი ადამიანი გახდა ჩემი დედა.

ღამე მესიზმრება, რომ ქუჩაში მცემენ, მიყვირიან, თავს მესხმიან და ძილში წამოვხტები ხოლმე, პატარა გული ამოვარდნას მაქვს. დედიკო მეუბნება, ვეღარავინ ვერაფერს დამიშავებს და შემიძლია მშვიდად მეძინოს.

მე ბედნიერი ვარ, მაქვს საყვარელი ოჯახი და მყავს საყვარელი დედიკო.

ქუჩაში თანამოძმეებს დავპირდი, ყველას მოვუყვებოდი მათ შესახებ და თბილი სახლის პოვნაში დავეხმარებოდი. მე კი პირობას ყოველთვის ვასრულებ.

მე ბიბი ვარ და ეს ჩემი ისტორიის კეთილი დასასრულია. ნუ დაკარგავთ იმედს...